top of page

ავტორიტარული და ჰუმანური მიდგომა

პედაგოგიკაში არსებობს აღზრდის ორი პოლუსი.


ავტორიტარულობა - მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის „მათრახისა და თაფლაკვერის“ პრინციპი. ამ მიდგომის მიხედვით ბავშვი მთლიანად თავად უნდა მოერგოს გარშემო არსებულ სოციუმს და მის წესებს უნდა შეესატყვისებოდეს. ის თითქოს ცარიელი ჭიქაა, რომელიც ზრდასრულებმა უნდა შეავსონ.


„უფროსებს ნუ ეპასუხები.“

„კი, ყოჩაღი ხარ, მაგრამ უკეთესადაც შეგეძლო.“

„რას ჰქვია არ გინდა, იყავი მაშინ მშიერი.“


ბევრ ჩვენგანს ადვილად შეუძლია გააგრძელოს ფრაზების ეს გრძელი სია საკუთარი ბავშვობის გახსენებით. იმ წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ბავშვებთან ავტორიტარული მიდგომა მშობლებსა და პედაგოგებში. მაშინ მთავარი ის იყო, რომ ბავშვი ჩაცმული, გამოკვებილი და ხალხში გასული ყოფილიყო. დანარჩენი აზრადაც არ მოსდიოდათ. ამ თაობის მშობლებს არც ჰქონდათ ბავშვებთან ურთიერთობის შესაბამისი გამოცდილება და ზრდიდნენ ისევე, როგორც თავად აღზარდეს.


ჰუმანური მიდგომა - კარდინალურად განსხვავებული აღზრდის სტილია. ამ მიდგომით პედაგოგი თუ მშობელი ცდილობს ბავშვში პიროვნება ამოიცნოს და მას მიმართულება მისცეს. ის გულისხმობს ზრდასრულსა და ბავშვს შორის თანამშრომლობას, დასჯისა და აკრძალვების გარეშე. თუმცა ის არ უნდა აგვერიოს აღზრდის მიშვებულ სტილში. ამ მიდგომის მთავარი იდეოლოგის - შალვა ამონაშვილის სიტყვებით, ბავშვები შინაგანად თავისუფლები უნდა იყვნენ, რათა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, და არა დასჯის შიშისგან გამომდინარე.


ჰუმანური მიდგომა - ყოველთვის ძალიან დიდ შრომას გულისხმობს საკუთარ თავზე. ბავშვის კუთხეში დაყენება და ჩვენი მიზნების მიღწევა ამ გზით ხომ ბევრად ადვილია, ვიდრე შევარჩიოთ არგუმენტები და მოვუსმინოთ ჩვენს შვილს. სწორედ ამიტომ ჰუმანური მიდგომა აღიარებს ბავშვის სამ ძირითად მოთხოვნილებას, ესენია: დიდობის, თავისუფლებისა და განვითარების.


როგორც პოლიტოლოგი შულმანი ამბობს, ბავშვები დღეს უკვე სრულიად განსხვავებულნი არიან და სოციუმიც აღარაა ისეთი, როგორიც იყო. მუქარა, წნეხი და ავტორიტარიზმი აქ აღარ გამოგვადგება. დროა ინდიგო ბავშვებს დავუთმოთ ასპარეზი და ერთი წამითაც არ ვიფიქროთ, რომ ცუდი თაობა მოდის. ნუ ჩავახშობთ მათ შინაგან ხმას, მათ ნათელ მიზნებსა და სურვილებს. და რაც მთავარია გვახსოვდეს, რომ ნათელ ბავშვებს ნათელი მშობლები სჭირდებათ!





コメント


bottom of page