top of page

აქტიური მოსმენა

გქონიათ შემთხვევა, როცა საკუთარი პრობლემით მიმართეთ მეგობარს ან ახლობელს და მან მთელი გულით ბოლომდე მოგისმინათ? ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად განსაკუთრებული შეგრძნებაა. ყველა ადამიანს დროდადრო სჭირდება, რომ მას ვიღაცამ გულდასმით მოუსმინოს და შევიდეს მის მდგომარეობაში. გამონაკლისი არც ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში მოზარდებს ჩვენზე მეტადაც კი სჭირდებათ ეს.


მოსმენა შესაძლოა იყოს სხვადასხვანაირი: ვუსმენთ იმიტომ, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, ან ვუსმენთ იმიტომ, რომ ვუთანაგრძნოთ მოსაუბრეს. სწორედ მეორე წარმოადგენს აქტიურ მოსმენას. აქტიური მოსმენის დროს ჩვენ თითქოს გვერდით გადავდებთ საკუთარ თავს და ბოლომდე შევდივართ ჩვენი თანამოსაუბრის მდგომარეობაში. არ განვსჯით, არ ვაძლევთ რჩევებს თუ არ გვთხოვს, არ ვაწყვეტინებთ, არამედ უბრალოდ ვუსმენთ. მოსმენისას საჭიროა ისე განვეწყოთ, რომ შევძლოთ სამყაროს ხედვა მოსაუბრის თვალებით. აქტიური მოსმენის პროცესი არის ყურადღებიანი დუმილი, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათია და ძალიან გვაკლია ადამიანებს.


მოსმენისათვის ასევე მნიშვნელოვანია გარემო. მაგალითად, დაპატიჟეთ თქვენი შვილი კაფეში, ან ერთად გაისეირნეთ პარკში, ან საღამოს ძილის წინ ჩამოჯექით საწოლზე, თვალებში ჩახედეთ ერთმანეთს და მოუსმინეთ - "არ დაკარგოთ რომანტიკა ურთიერთობებში" (შალვა ამონაშვილი).


აქტიური მოსმენა მშობლის მხრიდან არის მშობელსა და შვილს შორის უფრო მყარი და მეგობრული ურთიერთობის ერთ-ერთი ძირეული საფუძველი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გარდატეხის ასაკში. თანამედროვე ცხოვრებიდან გამომდინარე, მშობლები ხშირად ვერ ვახერხებთ ხოლმე ბავშვებისთვის საკმარისი დროის გამონახვას. ამ დროს კი მასთან გატარებული აქტიური მოსმენის 15 წუთიც კი შესაძლოა უფრო ნაყოფიერი და სასარგებლო იყოს, ვიდრე მასთან უბრალოდ გატარებული რამდენიმე საათი.


თუ დაკვირვებიხართ, აქტიური მოსმენა ძალიან კარგად გამოსდით ბავშვებს. ისინი მთელი არსებით ინტერესდებიან რას ვაკეთებთ, რაზე ვფიქრობთ, რა გვადარდებს. მათ საოცრად შეუძლიათ გაიზიარონ ჩვენი განცდები. ამიტომაც მოდით, ვისწავლოთ მათგან ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი - აქტიური მოსმენა.



Comments


bottom of page