top of page

გარდატეხის ასაკის ფიზიოლოგია

თანამედროვე ცხოვრებაში გარდატეხის ასაკი ყველა მნიშვნელობით ადრეულ ასაკში იწყება - მშობლები მის გამოვლინებას უკვე 10-11 წლიდან ამჩნევენ. გარდატეხის ასაკში მოზარდები აღარც ბავშვები არიან, არც ზრდასრულები. ისინი საკმაოდ ძნელ პერიოდს გადიან. მათთან ერთად კი ამ ახალ გამოწვევას მთელი ოჯახი გადის. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს და ვაცნობიერებდეთ, რა ხდება მოზარდების თავს ამ დროს და რა უნდა მოვუხერხოთ ამ ყველაფერს.


გარდატეხის ასაკში მოზარდის სხეული იწყებს ცვლილებებს. ამ დროს დაბლდება იმუნიტეტი, მატულობს წნევა შინაგან ორგანოებზე, რადგან სხეული იზრდება. ორგანიზმში მიდის ჰორმონალური ცვლილებები. ყველაზე მთავარი კი - ტვინის განვითარებაა. თავის ტვინი თავის მაქსიმალურ ზომას აღწევს 10 წლის ასაკში, შემდეგ კი ხდება მისი ფუნქციების რეორგანიზაცია. ყველაზე დიდი ცვლილებები ხდება ქერქის პრეფრონტალურ წილსა და ლიმბურ სისტემაში.

პრეფრონტალური წილი პასუხისმგებელია თვითრეგულაციასა და რაციონალურ ქცევაზე, ლიმბური სისტემა კი უდიდეს როლს თამაშობს ემოციების ფორმირებაში: უეცარი ცრემლები, ისტერიული სიცილი, შეუკავებელი სიხარული - ყველაფერი ეს მისი პროდუქტია. გარდატეხის ასაკში ეს ორი სტრუქტურა სწავლობს გუნდურ მუშაობას. მოზარდი ეძებს წონასწორობასა და ბალანსს ზრდასრულ რაციონალურობასა და ბავშვურ ემოციურობას შორის. მოზარდის ცხოვრებაში ყველაფერი ამ პრინციპით ხდება: სვიტრის ყიდვიდან დაწყებული (გუშინ გვეხვეწებოდა მის ყიდვას, ხვალ კი სადმე კუთხეში მიაგდებს და არ ჩაიცვამს) მშობლებთან ურთიერთობით დასრულებული. ცვლილებას განიცდის ასევე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სტრუქტურა - სიამოვნების ცენტრი. მისი ზომა იზრდება გარდატეხის ასაკის დადგომისთანავე, თუმცაღა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზრდასრულობისას მისი ზომა მცირდება. სწორედ ამიტომაა ახალგაზრდობაში ნაყინი უფრო გემრიელი, სიყვარული თავქარიანი, მუსიკა კი ბოლო ხმაზე აწეული. დადგენილი ფაქტია, რომ მოზარდებს ზრდასრულებზე მეტად უყვართ ტკბილეული, რადგანაც ის პირდაპირი მნიშვნელობით უფრო ტკბილია მათთვის!


გარდატეხის ასაკში მოზარდებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მშობლებისა და ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა, გაგება და მეგობრობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი დამოკიდებულება მოზარდებისადმი არ უნდა იყოს მოულოდნელი. აღივსეთ მოთმინების უნარით და ეს რთული პერიოდი ბევრად უმტკივნეულოდ ჩაივლის როგორც მოზარდისთვის, ასევე მთელი ოჯახისთვის!



Comments


bottom of page