„ბავშვს უნდა განვითარება. ეს მისი მისწრაფებაა და ვინც ამაში დაეხმარება, ის უთუოდ შეუყვარდება“ - შალვა ამონაშვილი. მოზარდები მიისწრაფიან შეითვისონ ყველაფერი, რაც მათ გარშემოა, რასაც უსმენენ და უყურებენ, ჩვენ კი გვევალება, რომ მათ სწორი გზა და მიმართულება ვუჩვენოთ, სწორი მოტივაცია მივცეთ, რომ განვითარდნენ.
ბავშვს აქვს სამი ძირითადი ლტოლვა, რომლის გარეშეც არ შეუძლია ცხოვრება: განვითარება, დიდობა, თავისუფლება. თუ თითოეული მათგანი არ იქნა ოჯახში დაკმაყოფილებული, ბავშვი მის ძებნას სხვაგან იწყებს. ეს ცოდნა ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია აღზრდის პროცესში გამოვიყენოთ. მოტივაციის ასამაღლებლად შეგვიძლია შევთავაზოთ მათ “დიდების საქმე“.
რა სურს ბავშვს? - იდგეს შენს გვერდით, როგორც შენი თანატოლი. ამიტომ დაავალეთ ბავშვებს ის, რასაც უშუალოდ თქვენ აკეთებთ და დაანახეთ, რომ არ ექცევით, როგორც პატარას. ესაუბრეთ, როგორც დიდს, თქვენს ტოლს. დაიხმარეთ სახლის საქმეებში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მისი მოტივაცია უნდა იყოს შედეგი: „ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ“, „როგორ მეხმარები“, „შენ რომ არ მყოლოდი, არ ვიცი რა გამომივიდოდა“. შესაძლოა მიმართოთ სხვას და უჩვენოთ მისი საქმე: „ნახე, რა კარგად გააკეთა!“ „ძალიან მომეხმარა დღეს საქმეებში,“ „იცი, როგორ ვამაყობ მისით?“ - ყოველივე ეს თითქოს ჯადოსნური სიტყვებია, რომლებიც ხატების შეგზავნას ჰგავს ბავშვის სულში. შეიძლება მას შეეშალოს გაკეთების დროს, რაიმე არ გამოუვიდეს პირველივე მცდელობისას, მაგრამ როგორც დიდს ისე მოექეცით და უთხარით, რომ „არაუშავს, ნახე ეს ასე უნდა გავაკეთოთ“, „მიდი, აბა კიდევ სცადე და დამოგივა,“ „არაუშავს, ხდება ხოლმე, მეც მომდის ხშირად, მთავარია გამოვასწოროთ, მჯერა შენი!“ ამ სიტყვების მერე ბავშვი ყველანაირად ეცდება დაკისრებული საქმე იმაზე კარგად გააკეთოს, ვიდრე ეს წინაზე გამოუვიდა. მთავარია, არ აღელდეთ და გულში აღიაროთ, რომ თქვენი შვილი მართლა დიდია. გახსოვდეთ, ბავშვებს უყვართ დიდებად ყოფნა, თუმცა არ უყვართ პასუხისმგებლობების აღება. თუ ჩვენს შვილებს ვეტყვით “უკვე დიდი ხარ, უნდა ალაგებდე შენს ოთახს”, ან “ამხელა ბიჭი ხარ, უნდა მეცადინეობდე შენით”, მაშინ ჩვენს შვილებს უცებ “გადაუნდებათ” დიდობა. თუ გვინდა, რომ ეს მეთოდი გამოგვადგეს, მაშინ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ ჩვენს შვილებში დიდები, ოღონდ ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე. ამ მეთოდის საშუალებით, პასუხისმგებლობა თავისით აღიზრდება ჩვენს შვილებში, ყველანაირი დავალების გარეშე.
Comments