თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად გვესმის ზრდასრულებისაგან, რომ ახალ თაობას აკლია თანაგანცდის უნარი, რადგანაც ისინი კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში დაიბადნენ და დიდი დროის გატარება უწევთ გაჯეტებთან. ისინი ნელ-ნელა შორდებიან ადამიანურ ურთიერთობებს. თანაგანცდა - ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია ჩვენ გავაღრმაოდ ადამიანური ურთიერთობები, გავიგოთ სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობა. თანაგანცდა გულისხმობს იმას, რომ შევძლოთ საკუთარი თავი დავაყენოთ სხვის ადგილას ისე, რომ განვიცადოთ ის, რასაც სხვა ადამიანი განიცდის. ეს უნარია, რომელსაც სწავლა და განვითარება სჭირდება ბავშვის ცხოვრებაში. თანაგანცდა აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია.
რთულ სიტუაციებში, მაშინაც კი, როცა ჩვენი შვილი მართალი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვებში იგრძნობოდეს თანაგანცდა. მართალია, ძალიან ძნელია შევიკავოთ თავი გაბრაზებისგან, გაღიზიანებისგან. ამასთან, ჩვენ აღზრდას ხომ ძირითადად ასეთ სიტუაციებში ვიწყებთ! მაგრამ თუკი ჩვენი შვილი წაიქცა, მას არ დაეხმარება ისეთი სიტყვები, როგორიაა: „რა გატირებს, ადექი, არ გტკენია!“
არადა როგორი მნიშვნელოვანია საჭირო სიტყვები ასეთ მომენტებში: „ვხვდები როგორ გეტკინა, მესმის შენი...“ „ორიანი მიიღე? როგორ გრძნობ თავს? დარწმუნებული ვარ შეძლებ გამოსწორებას...“ „მესმის, რომ ძალიან გინდა ნაყინი, მაგრამ ყელი გტკივა და ვერ გაჭმევ...“ ხანდახან არაა აუცილებელი თანაგანცდა მაინც და მაინც სიტყვებს გულისხმობდეს. შესაძლოა უბრალოდ ჩვენი შვილის გვერდით ვიყოთ, ჩავეხუტოთ და ასე გამოვხატოთ თანაგანცდა. ზოგჯერ ასე უფრო მალე მშვიდდებიან და წყნარდებიან ბავშვები.
თანაგანცდის გამოხატვის შემდეგ შეგვიძლია ვესაუბროთ ბავშვს იმაზეც, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ სხვა დროს მსგავს სიტუაციაში. „გზა უსწორმასწოროა, აჯობებს ვიფრთხილოთ, რომ არ წავიქცეთ...“ „თუ დახმარება დაგჭირდება შემდეგი საკონტროლოსთვის, მე აქ ვარ და დაგეხმარები...“ „თუ ჭიქა მაღლა დევს, შეგიძლია სკამი მიიდგა და ადვილად მისწვდე მას, რომ არ გაგიტყდეს...“
უნდა გვახსოვდეს, რომ აღზრდა არასოდეს, არც ერთი წამით არ ჩერდება! ჩვენ - მშობლები, ვართ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითს ვაძლევთ საკუთარ შვილებს. ისინი, პირველ რიგში, ყველაფერს ჩვენგან სწავლობენ. თუკი ჩვენ თავად გამოვხატავთ მათ მიმართ თანაგანცდას, ისინიც აუცილებლად ისწავლიან და განავითარებენ ამ თვისებას საკუთარ თავში!

コメント