ზოგჯერ ზრდასრულებს ძალიან გვიჭირს სხვადასხვა ემოციასთან გამკლავება, ახლა კი წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება გრძნობდნენ ბავშვები თავს მაშინ, როცა მაღაზიაში ბოლო ხმაზე ტირიან და ითხოვენ რაიმეს ყიდვას, ქუჩაში სეირნობას აპროტესტებენ და აღარ მოგვყვებიან, ნაყინს ითხოვენ როცა გაციებული არიან თუ სხვა. გავიხსენოთ, რომ 3 წლის ასაკში ბავშვი გარდატეხის პირველ პერიოდს გადის. სწორედ ამ დროს იჩენს ხოლმე ძირითადად თავს მსგავსი სირთულეები. ეს ბუნებრივიცაა და ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, თუმცა ბავშვებს ამ დროს ჩვენი დახმარება სჭირდებათ, ეს დახმარება კი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მათი საქციელის იგნორირებას, კრიტიკას თუ ჩხუბს.
განვიხილოთ შემთხვევა: თუკი მაღაზიაში გავდივართ საყიდლებზე, შესაძლებელია წინასწარ შევუთანხმდეთ ჩვენს შვილს, რომ მისი ბიუჯეტი იქნება მაგალითად 10 ლარი. ამ 10 ლარის ფარგლებში მას შეეძლება ნებისმიერი რამ შეიძინოს, რაც მოეწონება. ამ შემთხვევაში ნაკლებია შანსი იმისა, რომ ბავშვი უკონტროლო ქცევით მოითხოვს რაიმეს ყიდვას. ასევე შესაძლებელია ბავშვს ჩავაბაროთ საყიდლების სია, რომ მან უხელმძღვანელოს ამ პროცესს, ასე მისი ყურადღება სხვა რამით დაკავდება. ხოლო თუკი უკიდურეს სიტუაციაში ვართ და გვიძნელდება ბავშვის დამშვიდება, ვეცადოთ გავარიდოთ ის არსებულ სიტუაციას ან გვერდით დავუჯდეთ, ჩავეხუტოთ, ვუთანაგრძნოთ და თუკი საჭიროა მასთან ერთადაც კი ვიტიროთ. გვახსოვდეს, გაღიზიანებულ ბავშვთან საუბარს აზრი არ აქვს. უმჯობესია სალაპარაკოდ სხვა დრო შევარჩიოთ, როგორიცაა მაგალითად ძილის წინა პერიოდი. ამ დროს შეგვიძლია მას ზღაპრების საშუალებით ვესაუბროთ, რომელსაც აუცილებლად ექნება აღმზრდელობითი ხასიათი და შედეგი. (იხ. პოსტი - „როგორ აღვზარდოთ ბავშვი ზღაპრის დახმარებით?“)
ძალიან ხშირად ჩვენც, მშობლებიც ვერ ვიკავებთ ხოლმე თავს. ამას მოჰყვება ჩხუბი, შემდეგ კი სინანული, საკუთარ თავზე გაბრაზება და ა.შ. ამიტომაც, პირველ რიგში, საჭიროა სიმშვიდე თავად შევინარჩუნოთ და განვიმუხტოთ ნეგატიური ემოციებისგან. გვახსოვდეს, რომ პატარა ბავშვს, არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა, ხოლო ჩვენ ეს უფრო კარგად გამოგვიდის. თუ საჭიროა, გავერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას, ჩვენ გავიდეთ სხვა ოთახში და ბავშვთან, მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდეთ, რაც დავმშვიდდებით. გვახსოვდეს, მეგობრულ და სიყვარულით სავსე გარემოში ყველა პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო იოლია.
Comments