top of page

"თუ ქვემოთ აღწერილი ნიშნების დიდი ნაწილი თქვენს შვილს ახასიათებს, კარგი იქნება დაუყოვნებლივ მიმართოთ

ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი გვესაუბრება იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ონლაინსწავლებას, საფრთხეებზე და ასევე გამოსავალზე, რაც შეიძლება იყოს შექმნილ მდგომარეობაში.



- მესამე წელია, ბავშვებს ონლაინ უწევთ სწავლის დაწყება. როგორც ფსიქოლოგი და როგორც მშობელი, როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას, რაშიც ახლა აღმოვჩნდით მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები?

- მსოფლიოც და საქართველოც ძალიან რთულ მდგომარეობაშია უკვე თითქმის 2 წელია. კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ჩვენი ჩვეული ცხოვრების რეჟიმის ჩამოშლა. მოგვიწია სახლებში გამოკეტვა, ბევრი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე, გაუარესდა ხალხის როგორც ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება იმ ოჯახებში, სადაც ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვები ჰყავთ, მითუმეტეს, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია.

მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის. დისტანციური სწავლა და ბავშვების სახლებში გამოკეტვა ბევრ საფრთხეს უქმნის მათ როგორც ფსიქოლოგიურ, ისე გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. როგორც ადამიანს, ვინც ბავშვებთან მუშაობს და პირველ რიგში, როგორც მშობელს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება და ბავშვები ოქტომბრიდანვე დაუბრუნდებიან სკოლებს.


- რა საფრთხეებს უქმნის ასეთი დიდი დოზით დისტანციურად სწავლება ბავშვებს?

საფრთხეებს, მე პირადად, სამ ნაწილად დავყოფდი:

  1. ფსიქოლოგიური ასპექტი - ბავშვებს სჭირდებათ სოციალიზაცია, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, ახალი სამყაროების აღმოჩენა. წელიწად-ნახევარი სახლში გამოკეტვამ მათზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია. ნათლად ვხედავ ბავშვებში, რომ ბევრს სახლიდან გასვლა აღარც უნდა. პატარები კი ვერ იძენენ იმ სოციალურ უნარებს, რომლებიც სწორედ ახლა უნდა შეიძინონ. იმატა ბავშვებში დეპრესიულმა ფონმა, აღგზნებადობამ. პანდემია არის თუ არა, ბავშვებს ურთიერთობები სჭირდებათ, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ვერ იღებენ.

  2. საგანმანათლებლო ასპექტი - ძალიან რთულია ბავშვებს ონლაინ შევუქმნათ იგივე, ან თუნდაც ცოცხალთან მიახლოებული სკოლის გამოცდილება. პედაგოგების დიდი ნაწილი ძალიან ცდილობს და ენერგიას არ იშურებს, მაგრამ მართლაც სულ სხვაა, ბავშვს პირისპირ რომ ხედავ, თვალებში ჩახედავ, ყურში ჩასჩურჩულებ… აღზრდის ელემენტი ონლაინ, პრაქტიკულად, საერთოდ იკარგება. ზოგ ბავშვს უჭირს ონლაინ გაკვეთილების აღქმა და უმეტესობას სჭირდება მშობლების აქტიური დახმარება. კარგია, თუ მშობელს ამის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ზოგჯერ, თუ ოჯახში ბევრი ბავშვია, ან მშობელი აქტიურად მუშაობს, ასეთი აქტიური ჩართულობა შეიძლება შეუძლებელი გახდეს.

  3. ფიზიკური ასპექტი - ბევრ ბავშვს სახლში ხანგრძლივი ყოფნის შედეგად, ან ეკრანთან დიდი დროის გატარების გამო, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ამ პერიოდის შემდეგ ბავშვებს შეექმნათ პრობლემები თვალებზე, კუნთებზე და სხვა.

ზოგადად, აღზრდა და განვითარება უწყვეტი პროცესია, შესაბამისად, სულ მიმდინარეობს. თუ ჩვენ დიდი დროის განმავლობაში ბავშვებს მოვაკლებთ განვითარებისათვის საჭრო სხვადასხვა ელემენტებს, ძალიან რთული იქნება მათი მომავალში აღდგენა. ის განვითარება, რომელიც დღეს, ამ თვეში, თუ ამ წელს უნდა მომხდარიყო, ხვალ ვეღარ მოხდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დიდი იმედი მაქვს, რომ უფროსები თუ არა, ბავშვები მაინც მალე შეძლებენ, შეძლებისდაგვარად, ნორმალურ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდნენ.

კარგი იქნება, თუ მშობლები მოუწოდებენ ბავშვებს მაქსიმალურად ხშირად ნახონ საკუთარი მეგობრები. შეიძლება ბაღებში ან ქუჩაში ისეირნონ, შევუქმნათ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო და ისე ვაკონტაქტოთ ერთმანეთთან. სკოლა ყოველთვის საჭირო არ არის იმისათვის, რომ ბავშვებმა ერთმანეთთან იურთიერთონ.


- როგორ უნდა შევამზადოთ ბავშვები ონლაინსწავლებისთვის, რაში სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად მშობლის დახმარება?

- დიდწილად ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი დახმარება სჭირდება მას მშობლისაგან ონლაინ სწავლების დროს. ბევრს შეიძლება დასჭირდეს, რომ მშობელი მას გვერდით ეჯდეს გაკვეთილების განმავლობაში, დაეხმაროს საშინაო დავალებების მომზადებაში და სხვა.

სწავლებისთვის მომზადების კუთხით, კარგი იქნება, თუ ბავშვს ექნება სპეციალური სასწავლო კუთხე, რომელიც კონკრეტულად სწავლისთვისაა გამოყოფილი. იქ მას ექნება სასკოლო წიგნები, რვეულები, გაკვეთილებზე ჩასართველად საჭირო ტექნიკა და სხვა. ყველას ჩვენ გვჭირდება სამუშაოდ შესაბამისი გარემო, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს გარემო შევუქმნათ ბავშვსაც. კარგი იქნება, თუ მის შექმნაში ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას - მოაწყობს მაგიდას, დაიკიდებს ცხრილს, აარჩევს რვეულებს და სხვა. ეს ცოტათი მიეხმარება მოტივაციის ამაღლებაში.

ასევე სანამ სკოლა დაიწყება, კარგია, თუ ბავშვთან ერთად შეადგენთ დღის განრიგს. უმჯობესია, თუ ბავშვი თავისი ხელით დაწერს ამ განრიგს - რომელზე უნდა ადგეს, რომელ საათზე იქნება საუზმე/სადილი, რამდენი ხანი გაგრძელდება თითოეული გაკვეთილი (კარგი იქნება, თუ იქვე მას ექნება საათი, რომ თვითონ შეძლოს დროის გაკონტროლება), როდის და რამდენი ხანი დასჭირდება მეცადინეობისთვის, როდის იქნება შესვენებები და რა შეუძლია ამ დროს გააკეთოს. კარგია, თუ ბავშვს თავისუფალი დროც ექნება, რომ გააკეთოს ის, რაც სურს. სინამდვილეში, სირთულის კუთხით, ონლაინ სწავლება ბავშვებზე მეტად მშობლებისთვისაა რთული.


- რამდენად სრულყოფილად აღიქვამენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილს. ხომ არ გაუჭირდებათ შემდეგ საკლასო ოთახებში არსებულ ატმოსფეროსთან შეგუება?

- რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ონლაინ სწავლა პირველკლასელთათვისაა. მითუმეტეს მათთვის, ვინც სკოლაში არც ერთხელ არ ყოფილა. ბევრ ადამიანს სკოლის პირველი დღე ცხოვრების ბოლომდე ახსოვს და ამიტომ, იმედია პირველკლასელები მაინც მოახერხებენ სწავლის პირდაპირ სკოლაში დაწყებას.

სკოლაში წასვლა ზეიმი უნდა იყოს, რომ შემდეგ ასევე მხიარულად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, ამიტომ ყველანი მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ზეიმი ბავშვებს არ მოვაკლოთ.

თუ არაფრით გამოდის პირველკლასელთა პირდაპირ სკოლებში გაშვება, მაშინ ეს ზეიმი სახლში მაინც უნდა შევუქმნათ.

გაჭირვებით კი, შემდეგ საკლასო ოთახში სწავლის გაგრძელება ნამდვილად არ გაუჭირდებათ, თუმცა ეს უკვე დიდწილად პედაგოგზეა დამოკიდებული.


- როგორ უნდა გადავლახოთ ეს ეტაპი, ბავშვებმა და მშობლებმა სტრესების გარეშე? იქნებ რამდენიმე რჩევა მოგვცეთ?

- უკვე ყველამ კარგად ვიცით და ჩვენი თვალით დავინახეთ, რომ ონლაინ წავლა სტრესულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის, თუმცა ამის ხშირი გამეორება, არანაირ დადებით შედეგს არ მოგვიტანს. კი, ცუდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვშვებით, ამიტომ უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად დადებითი გამოვიტანოთ უკვე არსებული სიტუაციიდან.

პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მალე დამთავრდება. ცხოვრება ზებრასავით არის, ხან თეთრია ხან შავი, მაგრამ არასდროს არის სულ ერთი და იგივე. ყველა რთული პერიოდის მერე, მოდის სიხარული და ბედნიერება. ეს ყველაზე ცუდ დროსაც კი უნდა გვახსოვდეს.

მეორე რიგში, მოვძებნოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც სიხარულს და ბედნიერებას გვანიჭებს და რისი გაკეთებაც შეგვიძლია და ხშირად დავკავდეთ მათით. მაგალითად, ონლაინ სკოლის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ სკოლის შემდეგ ბავშვებთან თამაში შეგვიძლია. იმ თამაშის და მხიარულების ხათრით, მოვითმინოთ ეს სკოლის პერიოდი. ან თუ გვსიამოვნებს სეირნობა, ვისეირნოთ. ზოგს ხატვა ანიჭებს ბედნიერებას, ზოგს - ცეკვა. არ დაივიწყოთ, რა განიჭებთ სიამოვნებას და დაკავდით ამ საქმიანობებით და ბავშვსაც იმავესკენ მოუწოდეთ.


- რა ნიშნებია, რითაც უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს სტრესი აქვს, დეპრესიისკენ არის მიდრეკილი და აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება?

- ბავშვებში დეპრესია, ხშირად, უფრო შეუმჩნეველია, ვიდრე უფროსებში. მშობლები, როგორც წესი, დეპრესიის ნიშნებს მიაწერენ ბავშვის უხასიათობას, ან გარდატეხის ასაკს. თუმცა, ბავშვებსაც ისევე აქვთ ემოციები, როგორც დიდებს და მათაც ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც ჩვენ.

ზოგადად, ფსიქოლოგთან მიმართვა ძალიან კარგია, თუ ბავშვი თანახმაა და სურს მასთან სიარული. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს რაიმე სჭირს, არამედ უბრალოდ ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლადაა. თუმცა, თუ ქვემოთ აღწერილი ნიშნების დიდი ნაწილი თქვენს შვილს ახასიათებს, კარგი იქნება დაუყოვნებლივ მიმართოთ ფსიქოლოგს:

  • მუდმივი უხასიათობა;

  • აღგზნებულობა, ფეთქებადი ხასიათი, ხშირი ჩხუბი;

  • თუ ბავშვს აღარ სურს სახლიდან გასვლა, მეგობრების ნახვა და უფრო ასოციალური ხდება;

  • თუ მას შეეცვალა კვებითი ჩვევები - აღარ ჭამს საკმარისს, ან პირიქით, ძალიან ბევრის ჭამა დაიწყო;

  • ხშირად, უმიზეზოდ იწყებს ტირილს;

  • შეეცვალა ძილი - უფრო მეტი ძინავს, ან ძალიან ცოტა;

  • აქვს ფიზიკური ტკივილები, მაგალითად თავის ტკივილი, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტებს;

  • თუ უცებ დაიწყო საუბარი სიკვდილზე, ან დაინტერესდა თვითმკვლელობით…

ჩემი, როგორც მშობლის რჩევა იქნება, ატაროთ ბავშვები სხვადასხვა აქტივობაზე, იქნება ეს სპორტი, ხატვა, თუ სხვა აქტივობა, რომელიც მას ახარებს. ხოლო, თუკი ხედავთ, რომ ბავშვს მართლაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მიმართეთ ფსიქოლოგს.

ჩვენთან, ამონაშვილი აკადემიაში, 2 ოქტომბრიდან ბევრი საინტერესო პროგრამა გვაქვს 3 წლიდან 17 წლამდე მოზარდებისთვის და ძალიან გაგვიხარდება, თუ გვესტუმრებით. ერთად შევეცადოთ გავულამაზოთ ჩვენს შვილებს ეს რთული პერიოდი.


- რას ურჩევთ პედაგოგებს? როგორი მიდგომები უნდა ჰქონდეთ, რომ შედეგებსაც მიაღწიონ და ბავშვებიც ნაკლებად დაისტრესონ ამ პროცესებისგან?

- სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული. პედაგოგს უპირობოდ უნდა უყვარდეს თითოეული მოსწავლე. ბავშვები კი ასეთ სიყვარულს დისტანციურადაც იგრძნობენ და დასწრებულადაც. პედაგოგის სიყვარულით, ბავშვი გაკვეთილზეც დაჯდება წყნარად, კამერასაც ჩართავს, გაკვეთილსაც გააკეთებს და ყველაფერს შეუსრულებს საყვარელ მასწავლებელს.

მესმის, რომ მასწავლებლები მძიმე მდგომარეობაში არიან. უკვე თითქმის ორი წელი გადის ბავშვები პრაქტიკულად სულ ონლაინ არიან, მაგრამ მე მჯერა რომ მათ უკვე დააგროვეს დიდი გამოცდილება ამ დროის განმავლობაში და ახლა უფრო მარტივია მათთვის ეს პროცესი, ვიდრე თავიდან. მათთაც, ისევე როგორც ბავშვებს და მშობლებს ვუსურვებ, რომ ბავშვები მალე დაუბრუნდნენ სკოლებს და ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

Comments


bottom of page