გახსოვთ, სკოლაში დავალებების შემოწმების შემდეგ რვეულებს რომ გვიბრუნებდნენ შეფასებებით? ვიღაცას უმაღლესი ნიშანი ეწერა, ვიღაცის რვეული კი ორიანით წითლად იწვოდა.
საოცარი იდეები, მეტაფორები, კარგი შედარებები, ძნელი, თუმცა კარგად და სწორად ამოხსნილი დავალებები წითელი კალმის ფონზე სულ იკარგებოდა. თითქოს ჩვენი შეცდომები და მარცხი ყველაზე მთავარი ყოფილიყო. თითქოს ჩვენს ნაწერში მთელი ღირებულება სწორედ ეს დაშვებული შეცდომები იყო.
ბავშვებთან ურთიერთობისას ჩვენ ნებისმიერ საქმესა და ნებისმიერ სიტუაციაში ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს: გავუმახვილოთ მათ ყურადღება მიღწევაზე თუ მივუთითოთ შეცდომაზე.
დღესდღეობით განვითარებულ სკოლებში საკმაოდ კარგი ცვლილებები მიდის. მაგალითად, წითელი კალამი ჩანაცვლებულია მწვანე კალმით, რომლითაც მასწავლებელი აღნიშნავს ყველა იმ პუნქტს, რომელიც წარმატებით შეასრულა და ამოხსნა მოსწავლემ. წარმოიდგინეთ, როგორ სხვანაირად იგრძნობს ამ დროს ბავშვი თავს? ბევრ დაწყებით კლასში მიღებულია ფანქრით წერა. იმიტომ, რომ ფანქარი - ესაა უსაზღვრო შესაძლებლობები, განცდა იმისა, რომ შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოასწორო შეცდომა და ხელი არ ჩაიქნიო.
გავუმახვილოთ ბავშვებს ყურადღება მათ მიღწევებზე, რაც კარგად გამოსდით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ ისინი. გვახსოვდეს, ამგვარი მიდგომა ბავშვებში ადეკვატური, ნორმალური თვითშეფასების საფუძველია, რომელიც ბავშვის ცხოვრებას, მომავალს და წარმატებებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს.
Comments