top of page

რატომ უჭირთ მშობლებს რჩევების მიღება

რატომ უჭირთ მშობლებს რჩევების მიღება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ამონაშვილის აკადემიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო ამონაშვილმა ისაუბრა.



რატომ უჭირთ მშობლებს რჩევების მიღება?

ადამიანებს, ზოგადად, გვიჭირს რომ ვაღიაროთ, როდესაც რაღაც გვეშლება, რაიმეში დახმარება გვჭირდება. ეს საკითხი კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც საკითხი ჩვენს შვილებს ეხება. ბევრ მშობელს გონია, რომ შვილი “მისია” და ამიტომ მათზე უკეთ არავინ იცის როგორ ჯობია აღზრდა. შეიძლება არც არანაირი კურსი გაიარო, არც წიგნი წაიკითხო მშობლობაზე, მაგრამ თანდაყოლილად, ინტუიციით იდეალური მშობელი გამოხვიდე. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობელი ვერ უმკლავდება საკუთარი შვილის აღზრდის პროცესს, მაგრამ მაინც არ აღიარებს, რომ პრობლემა აქვს და არ სურს სხვას მიმართოს დასახმარებლად.

გარკვეულწილად, ეს ეგოს პრობლემაც არის, პრობლემაა ისიც, რომ მშობელს ბავშვი თავისი საკუთრება გონია და ფიქრობს, რომ მასზე უკეთ არავის ეცოდინება როგორ უნდა მოექცეს ის საკუთარ „ნივთს“.



იწყება თუ არა აქედან პრობლემა?

მშობლისა და ბავშვს შორის არსებული პრობლემები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ბავშვის ჩასახვამდე. მშობელს აქვს კონკრეტული განწყობები, რომლითაც იხმობს ბავშვს ჯერ საკუთარ სხეულში, ხოლო შემდეგ ჩვენს სამყაროში. ხშირად, ეს განწყობები სწორია და ბავშვი გვინდა გავაჩინოთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი სამყაროსა და მისი კეთილდღეობისათვის. თუმცა არის ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც თავიდანვე მშობელი იკერებს ბავშვს საკუთარ კალთას და ძალიან უჭირს მისი გაშვება. დაბადების დღიდანვე საუბრობს მასზე, როგორც საკუთარ თავზე. ამის მარტივი მაგალითია, ისეთი ტერმინები როგორიცაა: “ჩვენ ავად ვართ”, “ჩვენ სკოლაში წავედი”, “ჩვენ უნივერსიტეტში ვაბარებთ” და ა.შ. ამ დროს ბავშვს უჭირს ინდივიდად საკუთარი თავის აღქმა, რაც სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში უშლის ხელს.პრობლემები, ზოგადად, ძალიან მრავალფეროვანია და შესაბამისად მათი საწყისებიც სხვადასხვაგან უნდა ვეძებოთ. თუმცა, როგორც წესი, ყველა პრობლემის სათავე ჩვენივე განწყობასა და ჩვენივე თავშია.

რატომ არის აუცილებელი წავიკითხოთ, მოვისმინოთ მშობლობაზე, ვიდრე მშობლები გავხდებით?

ბავშვის აღზრდა იწყება ბავშვის ჩასახვამდე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ემზადება მშობელი ბავშვის მისაღებად, როგორ განწყობებს იყალიბებს, რამდენად მომზადებულად ხვდება ახალ სიცოცხლეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია, რომ მომავალმა მშობლებმა, რაც შეიძლება მეტი იკითხონ მშობლობაზე, რაც შეიძლება მეტი იფიქრონ მომავალ შვილზე, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოემზადონ ახალი სტუმრის მისაღებად.



ცხოვრება მარტო მშობლობისაგან არ შედგება, რატომ არის აუცილებელი ბალანსი?

ჩვენ გვწვამს, რომ ყველა ადამიანი ამ დედამიწაზე იბადება საკუთარი მისიით, რომელიც რომელიღაც საქმეში უნდა რეალიზდეს და გამოვლინდეს. ზოგისათვის, ეს შეიძლება მშობლობა იყოს და მაშინ გასაოცარიც არ არის, როდესაც ქალსა თუ მამაკაცს, მშობლობის იქიც სხვა საქმის კეთების სურვილიც კი არ აქვს. ის დაბადებულია, რომ იყოს დედა/მამა და ესაა მისი მისია. თუმცა ყველა ასე არ არის. დანარჩენებს სჭირდებათ საკუთარი გზის პოვნა და ამ გზაზე სიარული. იმისათვის, რომ ბედნიერი და წარმატებული ბავშვების აღზრდა შევძლოთ, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ასეთები და თუ კი სახლში ჯდომა და მხოლოდ დიასახლისობა ჩვენ ამ სრულ ბედნიერებას არ გვანიჭებს, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება შესაბამისი სურათ-ხატების ჩვენება ჩვენი შვილებისათვის და მათი აღზრდა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის ის, რომ ყველა ადამიანმა ეძიოს საკუთარი გზა ცხოვრებაში, რომელიც მას აბედნიერებს და სხვებისათვის სარგებელი მოაქვს. სადაც არ უნდა იყოს ეს გზა, ჯობია მშობელმა მასზე იაროს და ამ სიარულით აჩვენოს საკუთარ შვილს მაგალითი.



ბავშვი ჩვენ მოვიწვიეთ ამ სამყაროში და სასურველია მის აღსაზრდელად დროც გვქონდეს. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენიი თავი დავივიწყოთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია ერთად გატარებული დროის ხარისხი და არა რაოდენობა. შეიძლება ბავშვთან ერთად მთელი დღე ვიყოთ, მაგრამ არ გვეცალოს მისთვის, არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ, ან ერთად სულ 2-3 საათი გავატაროთ, მაგრამ ისე ნაყოფიერად, რომ მთელ დღეს უდრიდეს.

მხოლოდ ბედნიერი მშობელი არის ბედნიერი ბავშვის საწინდარი. ვიზრუნოთ, რომ ვიყოთ ჩვენი შვილებისათვის საუკეთესო მაგალითი ყველაფერში. ამაზე უკეთესს, ვერაფერს გავაკეთებთ მათთვის!

Comments


bottom of page