ალბათ ყველა ჩვენგანს თბილად ახსენდება ბავშვობაში ძილის წინ მშობლის კოცნა, ჩახუტება, კონკრეტულ დროს წაკითხული ზღაპარი, განსაზღვრულ დღეებში ბებია-ბაბუასთან სტუმრობა თუ სხვა რამ. ყოველივე ეს ერთგვარი ტრადიცია იყო ჩვენთვის. ტრადიციები კი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისათვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტაბილურობა და მუდმივობა ბავშვს უსაფრთხოების განცდას აძლევს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრადიციები მაშინ, როცა ბავშვის ცხოვრებაში რაიმე ცვლილებები ხდება, იქნება ეს ბაღში შესვლა, სკოლაში წასვლა, ძამიკოს ან დაიკოს დაბადება, სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა და ა.შ. ტრადიციები ბავშვებს მძიმე სიტუაციაში სტაბილურობის განცდის შენარჩუნებაში ეხმარება. როდესაც ვიცი, რომ საღამოს ძილის წინ მე აუცილებლად წამიკითხავენ ჩემს საყვარელ წიგნს ან 10 წუთით ვითამაშებ დედასთან ერთად ლეგოს, შაბათს მამასთან ერთად სათევზაოდ წავალ, კვირას კი ბებიასთან - ეს მეხმარება ცვლილებებთან ერთად ადვილად გავუმკლავდე გაურკვევლობასა და სტრესს.
ტრადიციები ასევე ეხმარებათ ბავშვებს მიეჩვიონ რეჟიმს. მაგალითად, როცა ბაღში აღმზრდელი კლასიკურ მუსიკას რთავს ძილის წინ, ბავშვები ეჩვევიან და ბევრად ადვილად იძინებენ. დედა, რომლის შვილსაც არ უყვარდა სასეირნოდ გასასვლელად გამზადება, ჯერ სათამაშოს აცმევდა ხოლმე. ეს პატარა ტრადიცია მათ დაეხმარა გარეთ გასასვლელად ჩაცმის პრობლემის მოგვარებაში.
შეუცვლელია ტრადიციები, როცა წინ გრძელი გზა გვაქვს მგზავრობისას. ამ დროს ბავშვებთან შეგვიძლია ვითამაშოთ გზაში ისეთი თამაშები, როგორიცაა გამოცანების გამოცნობა, შესაძლოა ტრადიციად ვაქციოთ ყოველი ხიდის ქვეშ გავლისას სურვილების ჩაფიქრება, ოღონდ ამ სურვილებში აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის ჩაფიქრებული სურვილებიც. თითქოს ყოველივე ეს ისეთი არაფერია, თუმცა დამღლელ საათებს ძალიან ახალისებს მსგავსი ტრადიციები.
შექმენით თქვენც თქვენი ოჯახის განსაკუთრებული ტრადიციები! ამით ბევრად გაიხალისებთ ყოველდღიურ ცხოვრებას და მარტივად შეძლებთ სტრესთან გამკლავებას. ბავშვები კი ამასთან ერთად ბევრ რამესაც ისწავლიან და რეჟიმსაც მიეჩვევიან.
Comments