თუ დაფიქრებულხართ, რა გჭირდებათ თქვენ, რომ ნებისმიერი საქმე უფრო მოტივირებულებმა გააკეთოთ, იქნება ეს სამსახურში, მეგობრებთან, თუ ოჯახში? ალბათ, სტიმული - სამსახურში უფროსისგან, თანამშრომლისგან შექება. მეგობრებისგან თბილი მზერა. ოჯახის გაღიმებული სახე, როდესაც უბრალო კერძს გაამზადებთ. ასე არიან ბავშვებიც, მათ სჭირდებათ ჩვენი, როგორც მშობლების გვერდში დგომა ყველგან და ყოველთვის.
ბავშვებში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა გზები არსებობს. დღეს გვინდა მოგიყვეთ ჩვენს ერთ-ერთ კარგად გამოცდილ მეთოდზე - “შტრიხების დადება”.
ამ მეთოდის ფარგლებში, ჩვენ ბავშვს მივაწერთ ისეთ თვისებას, რომელიც მას აკლია. მაგალითად, სიტუაცია - უკვე დიდი ხანია ცდილობთ, რომ
თქვენმა შვილმა თვითონ მიალაგოს ოთახი. ყველაფერი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოდის. ერთ დღეს მოხდა ისე, რომ თქვენმა შვილმა საწოლი გაასწორა. შტრიხების დადების მეთოდი იქნება - ცოტა გავაბუქებთ ბავშვის წარმატებას და მივაწერთ მას იმ თვისებას, რომელიც აკლია - ამ შემთხვევაში წესრიგს. ვუთხრათ ასეთი სიტყვები: “როგორი მოწესრიგებული მყავხარ”, “ნეტავ მეც შენნაირად შემეძლოს საწოლის გასწორება”, “როგორ გამიხარდა დღეს შენს ოთახში შემოხედვა, დიდი მადლობა”, “მგონი, დღეს მთელი 2-3 წლით გაიზარდე”. საღამოს, როდესაც ბავშვი გვედით ოთახშია, მაგრამ იცით, რომ ესმის თქვენი, გაუზიარეთ თქვენს მეუღლეს ბავშვის წარმატება - “იცი, ჩვენმა შვილმა დღეს ისე მიალაგა ოთახი, გაოგნებული დავრჩი. მგონი მართლა ძალიან გაიზარდა”. ასე ირიბად მოსმენილი სიტყვები, ორჯერ უფრო შედეგიანია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოვიტყუოთ. რაც არ გაუკეთებია, იმაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, არამედ რაც გამოუვიდა. აუცილებლად, ჩვენ თვითონაც გულით ვიჯერებთ ჩვენს ყველა სიტყვას. ცინიზმით და მოტყუებით ნათქვამს ყოველთვის გრძნობენ ბავშვები და არასოდეს მიიღებენ ჩვენგან.
ყველა ადამიანს მოსწონს, როდესაც მას
კარგ სიტყვებს ეუბნებიან და ცდილობენ მათზე მიწერილი ეს “შტრიხები” შეინარჩუნონ, რომ კვლავ გამოიწვიონ სხვა ადამიანებში მიმღებლობა და აღფრთოვანება. ამ მეთოდით, უფრო დიდი შანსია, რომ ბავშვმა თქვენი თხოვნა გაითვალისწინოს, ვიდრე უსასრულო ჩხუბით და ჩიჩინით.
პ.ს. შტრიხების დადების მეთოდი ძალიან ეფექტურია ზრდასრულებთანაც, განსაკუთრებით მეუღლეებთან 😛
Comments