top of page

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?

ემოციები ჩვენი ცნობიერების ნაწილია. დადებითიც და უარყოფითიც. ისინი, ზოგჯერ, რაიმე მიზეზით, ზოგჯერ კი სრულიად უმიზეზოდ, არსაიდან გვიჩნდება. პირველს, რა თქმა უნდა, სიკეთე მოაქვს, მეორე კი ძალიან გვაზარალებს, მეტიც – გვანგრევს ჩვენც და გარშემომყოფებსაც. მათთან გამკლავება ნამდვილ ბრძოლას ჰგავს. ეს ბრძოლა რომ მოვიგოთ, წესები უნდა ვიცოდეთ. როგორ შეიძლება, ავიცილოთ უარყოფითი ემოციები, ან თუ მაინც გაგვიჩნდა, როგორ გავუმკლავდეთ, მათ? ვისთან შეიძლებოდა ამ თემაზე გვესაუბრა, თუ არა პედაგოგ და ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილთან?! თანაც, აღმოჩნდა, რომ „ამონაშვილის აკადემიაში“, შემოდგომის პროგრამების შეხვედრათა ერთ-ერთი ციკლი ზუსტად ემოციებზეა.


„იცით, ემოცია ცნობიერების წინაპირობაა და ცნობიერების თანმხლები ატრიბუტიკა. ჩვენ შეიძლება, რაღაც გვეწყინოს, რაღაცაზე გავბრაზდეთ, აღვშფოთდეთ, მაგრამ არც კი ვიცოდეთ, რატომ გვემართება ეს. ხანდახან, ადამიანი ცუდ გუნებაზე დადგება, მიზეზი რომ ჰკითხო, [პასუხი არ ექნება], იმიტომ რომ ქვეცნობიერმა მოუტანა რაღაცნაირი განწყობა გარემოს მიმართ და მოიწყინა, ვიღაცას გაუნაწყენდა, გაუბრაზდა, ან საკუთარ თავში ჩაიკეტა“, – ასე დაიწყო ჩვენი საუბარი ემოციებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა.



ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავს უფლებას მივცემ და გირჩევთ, გამოძებნოთ, სულ რაღაც 10 წუთი და ემოციათა სამყაროში, ძალიან ემოციურ მოგზაურობაში გამოგვყვეთ.

შალვა ამონაშვილი: ემოციების გარეშე, რა თქმა უნდა, ცხოვრება არ შეიძლება. ემოციაა, როდესაც სახლს ვაშენებთ, ქვას ქვაზე ვდებთ, შემდეგ კი ცემენტით ვამაგრებთ. ქვა თუ ცნობიერებაა, ემოცია ცემენტია, რომელიც ამაგრებს [ამ ქვებს] და კედლის აშენების შესაძლებლობას გვაძლევს. მით უმეტეს, თუ ეს ემოციები დადებითია. უარყოფითი ემოციები კი არღვევენ ამ [ყველაფერს] და შეუძლიათ, აშენებული კედელი დაანგრიონ.

მტრობაც და სიყვარულიც ემოციებია, მაგრამ ერთმანეთს გამორიცხავენ. ასეთი ძალაა ემოცია, რომელიც კიდეც აშენებს და კიდეც ანგრევს.

უარყოფითი ემოცია, ალბათ, არა მხოლოდ გარესამყაროს, არამედ ჩვენც, ადამიანებსაც გვანგრევს . . .

დიახ, ასეა. მაგალითად – წყენა. ადამიანს [სხვადასხვა რაღაც] სწყინს: ვიღაცამ სიტყვით აწყენინა, არ გაუღიმა, არ მოეფერა, ან რაღაც მოხდა და დადის დაბოღმილი. ეს განცდა აწუხებს, თავს დაჩაგრულად გრძნობს. უნდა კიდეც შეურიგდეს მეგობარს, ახლობელს, ქმარს, ცოლს, მაგრამ თავმოყვარეობა არ უშვებს. ამიტომ, როცა ადამიანი ასეთი [გულში] „ჩახუჭუჭებული“ უარყოფითი ემოციებით დადის, პროვოცირებას უწევს თავის ფიზიკურ სხეულსაც – სისხლში ჩნდება მომწამლავი ნივთიერება, რომელიც ხვდება გულში, მიეკედლება სისხლძარღვებს და აღარ იშლება. თუ ადამიანმა წყენა ისწავლა, ერთხელ ეწყინა, ორჯერ, სამჯერ, შემდეგ უკვე ძალიან ადვილად განაწყენდება. უბრალო რაღაც [მოხდება] და იმ წამსვე წყენა აესახება, რადგან უკვე ორგანიზმიც ითვისებს ამ განცდას.

ძალიან საშიშია, როდესაც ვეთანხმებით, ვიღებთ უარყოფით ემოციებს და ავყვებით ხოლმე ბრაზს, წყენას, რისხვას, ზიზღს, შურს. ეს ჩვენს სულს აწუხებს და ჩვენს სხეულსაც შლის, ავადმყოფობას გვიჩენს.

ხშირად მეკითხებიან, როგორ ვიხანგრძლივებ ცხოვრებას – მე არ ვარ კაცი, რომელსაც რამე სწყინს, კაცი, რომელსაც ქვეყანა უარყოფით მოვლენად მიაჩნია და თვლის, რომ სხვებმა მისი წესით უნდა იცხოვრონ. ყველას თავისი ჭკუა და დანიშნულება აქვს ცხოვრებაში. მე ვიღებ ყველაფერ ამას, როგორც რეალობას. ამრიგად, არც შური გამიჩნდება, არც წყენა. იმას კი არ მოგახსენებთ, რომ მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ. არა, უბრალოდ მაგალითს ვამბობ, რომ თუ ვინმე ასე იცხოვრებს, ცხოვრებასაც გაიხანგრძლივებს.



ანუ, ჩვენთვის, ადამიანებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის, თუ როგორ ვიღებთ ამა თუ იმ მოვლენას და ზოგადად, როგორ აღვიქვამთ ცხოვრებას . . .

პირველ რიგში, ადამიანმა უნდა მოიცილოს გაღიზიანება. უნდა ეცადოს, არ გაუღიზიანდეს შვილს, ქმარს, მეზობელს, მეგობარს. როგორც ქვეყნის მოწყობის კანონი არსებობს, ისე არსებობს კანონი, რომ ყველა ადამიანს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს. მოდი, მე ავმაღლდები და არავის გავუნაწყენდები. ვეცდები, არც სხვა გავანაწყენო. ამით ჩემს ირგვლივ ადამიანები არ შეწუხდებიან. მაშასადამე, მნიშვნელოვანია დათმობა. როგორც იტყვიან, წყენა გულში უნდა „ჩავიკლა“, გავაძევო და ამით დავუთმო ადამიანებს. მერე – ისიც დამითმობს და ასე. . .

სხვებსაც დავეხმარებით, უარყოფითი ემოციები აირიდონ თავიდან. შესაბამისად, მათაც ვიცავთ იმ ყველაფრისგან, რაც უარყოფით ემოციებს მოჰყვება. . .

დათმობით სხვებისთვისაც სიკეთეს გავაკეთებთ, რადგან დათმობები ამსუბუქებს ან საერთოდ ხსნის ცუდ ემოციებს. ჩემი ოჯახის წევრს რომ გავუნაწყენდე და რამე ცუდი ვუთხრა, შემდეგ ის განაწყენდება ჩემზე. მას რომ ვაწყენინე, ოჯახის სხვა წევრიც გამინაწყენდება.

განაწყენებული ან რისხვით აღვსებული ადამიანი, ანგრევს ურთიერთობებს და გარშემო ცხოვრებას.

და ჩვენი ცხოვრება რა არის, თუ არა – ურთიერთობა?! ურთიერთობა უნდა ვაშენოთ ყოველ დღე, რასაც უარყოფითი ემოციების შეკავება და კეთილ ემოციებად მიმართვა [გარდაქმნა] სჭირდება. ასევე, აუცილებელია დადებითი ემოციების გამოვლენა.

თუ ვინმე გიყვარს, გიყვარდეს, ეცი პატივი. თუ გინდა, ვინმე გაახარო, გაეცი კარგი ემოცია და გაახარე. ამით ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც გაუმჯობესდება და ეს უკვე დიდი [საქმეა].



როგორ შეიძლება უარყოფითი ემოცია დადებითად გარდავქმნათ?

რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი? – ზოგი ადამიანისთვის შვილების აღზრდა, ზოგისთვის სახლის აშენებაა, ან – ოჯახის შექმნა. მიზნები ისეთი რამეა, მოდიან და მიდიან, იერარქიულად იცვლებიან – დავამთავრო სკოლა, მივიღო უმაღლესი განათლება, დავიწყო მუშაობა. რა მიზანსაც ვაღწევთ, ის მიდის, შემდეგ, მეორე იბადება, მერე – მესამე და ა.შ. მაგრამ ესენი არ არის მთავარი ცხოვრებაში. ცხოვრების მთავარი მიზანი და ცხოვრების აზრი ჩემშია. როგორც მორწმუნე კაცი, (წყნარი მორწმუნე – ჩემს რწმენაზე ხმამაღლა, საჯაროდ არასოდეს ვსაუბრობ) ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი მე თვითონ ვარ. თუ მაქვს უკვდავი სული, მაშასადამე, გაჩენილი ვარ იმიტომ, რომ ჩემი სული სრულვყო, ამქვეყნად ყოფნისას, ჩემს სულში იყოს მხოლოდ კარგი [იქნებ, ამით ცათა სასუფეველი გამეხსნას], კეთილი აზრები. ეს ნიშნავს, რომ ყველასთვის კარგი მინდოდეს, მტრებისთვისაც კი. ქრისტე ამბობს, მტრები შეიყვარეთ და დალოცეთ თქვენი მაწყევარიო. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ემოციები კეთილ აზრებს დაბადებს სულში. კეთილი აზროვნება სულის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წახნაგია. იქნებ უპირობო სიყვარული მაკლია?! ხომ უნდა ვეცადო, ეს სიყვარული ჩემში ამოვზარდო?! ხალხთან ურთიერთობით, ჩემს თავთან ურთიერთობით. ამ გზაზე ბევრი წინაღობა და დაბრკოლება შემხვდება, ყველაფერ ამას უნდა გავუძლო იმით, რომ სიყვარულით ვუპასუხო. ამით ჩემი სული სრულყოფილი გახდება. [ლევ] ტოლსტოის აქვს ნათქვამი, ადამიანის სული, როგორც ალმასი, ისეა, თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, ეს ალმასი გახდება ბრილიანტი, თუ – არაო. მაშასადამე, ცხოვრების აზრი ის არის, რომ ჩემი ალმასი, ჩემი სული, ბრილიანტის დონემდე მივიყვანო. აი, ამას ვთვლი ჩემი ცხოვრების აზრად. დანარჩენი საქმიანობა და ცხოვრების მიზნები აქედან გამომყავს. ამრიგად, მე უფრო დადებითი ემოციებით ვარ შეპყრობილი, იმიტომ, რომ არსი მაქვს ცხოვრებისა დიდი. შვილების აღზრდაც კი, მიმაჩნია როგორც ჩემი ბრილიანტის წახნაგების ამოკვეთა. ისინი თუ კარგები იქნებიან, ჩემი ალმასი გაბრილიანტდება. მეუღლეს ვეთაყვანებოდი, იმიტომ რომ ამით სიყვარულს ვსწავლობდი, ერთგულებას ვსწავლობდი. ესე იგი, ჩემი ალმასი ბრილიანტის [თვისებებს] შეიძენდა. უარყოფითი ემოციების გამოვლენა თუ შეაწუხებს ადამიანს, კარგია, რომ ვიცოდეთ და დავაკვირდეთ ჩვენს თავს. მაქვს წყენა და სიძულვილი ვინმეს მიმართ? ვიცი, რომ ეს წყენა და სიძულვილი უნდა მოვიცილო, როგორც ლოდი გადავიგდო გულიდან. თუ ამას შევძლებ, ფრთები მეზრდება, ჩემი სული უფრო ლაღი ხდება.

მინდა, ყველა გათავისუფლდეს წყენისაგან, უარყოფითი ურთიერთობებისაგან, სიბრაზისაგან, სიძულვილისაგან, შურისაგან, თორემ ეს იმისთანა მძიმე ქვებია, არ მოგვცემს საშუალებას, ჩვენი თავი დავინახოთ.

თუ უარყოფითი ემოციები მაინც მიჩნდება, ბრაზი და შური მძლევს და ჩემს თავს ვეღარ ვხედავ, ეს რას ნიშნავს, ცუდი ადამიანი ვარ?

მოდით, ნუ გამოვიყენებთ სიტყვებს „ცუდი ადამიანი“, მაგრამ ვთქვათ, რომ ვარ „ნაკლოვანი ადამიანი“. კარგი ვარ, მაგრამ კიდევ რაღაც მაკლია. თუ ვინმეს მიმართ წყენა გვაქვს, რა გვიშლის ხელს, ვუთხრათ, „მომიტევე“?! ან ჩვენ მივუტევოთ ყველაფერი. იცით, რა გვიშლის? ცრუ თავმოყვარეობა.

თავმოყვარეობა კარგია, მაგრამ როცა სიცრუეში გადადის, ის დამღუპველია.

რამდენ მეგობარს გავუნაწყენდით, დავცილდით, თან გული გვეთანაღრება? უნდა ვთხოვოთ პატიება და ჩვენც ვაპატიოთ. შევირიგოთ. ძალიან მარტივია ცხოვრების გაკვალვა, თუ განგებ არ გადაიმტერებ ადამიანს. თუ არ გაუნაწყენდები ან მტრად არ გაუხდები ვინმეს, თვითონვე გეძლევა გზა, მოვლენები ისე ლაგდება, ხელი თავისით გეწყობა.

სამყაროში არსებობს კანონი და ეს სახარებაშიც წერია, მიზეზი იწვევს შედეგს. რა მიზეზსაც დაუშვებ, იმის შედეგი უნდა მიიღო.

მტრად გაუხდი ვიღაცას? ელოდე, რომ მტრებად გაგიხდებიან სხვები. ვიღაც დაამარცხე? ელოდე, რომ უნდა დაგამარცხონ შენ. ვიღაც გიყვარს? ელოდე, რომ გაგიმრავლდება მოყვარე და ხელი მოგეცემა შენს საქმეებში. ემოციები უნდა ვმართოთ, როგორც მეეტლე ზის კოფოზე და ცხენების სადავეები უჭირავს ხელში. ეს ცხენები ემოციებია. თუ კარგად არ დაიჭირე [ემოციები], აქა-იქ გაგექცევიან და „ეტლიდან“ გადაგაგდებენ.



ანუ, უარყოფით ემოციებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება დაგვინგრიონ?

თუ ემოციები ცნობიერებას არ დავუქვემდებარეთ, გულში არ გავატარეთ და არ გავათბეთ, დიახ, შეიძლება, ცხოვრება შეგიმოკლონ, იმედები გაგვიცრუვდეს, ოჯახი დაგვეშალოს, ბიზნესი დაგვენგრეს, რადგან არის მიზეზი და არის მისი შედეგი. ეს ემოციები მიზეზებია, შედეგები კი – საზოგადოების გამოხმაურება ჩვენს ქმედებებზე. შედეგები ჩვენი ავადმყოფობებია. ამიტომ, მოხსნი ცუდ მიზეზს? კარგ შედეგს ელოდე. გაამრავლებ კარგ მიზეზს? – კიდევ უფრო კარგ შედეგს ელოდე. ასეთია [ცხოვრების] კანონზომიერება.

უარყოფითი ემოციები უნდა ვმართოთ, ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება, თუ საერთოდ უნდა განვდევნოთ?

ადამიანს არ შეუძლია, მოიშოროს ემოციები და არც უნდა მოიშოროს. ემოციები ჩვენი მეტყველებისა და აზროვნების წინაპირობაა.

ახლა მე ხალისით გესაუბრებით, მიხარია ეს ურთიერთობა. სიხარული საშუალებას მაძლევს, უფრო ნათლად ჩამოვაყალიბო, რაც გულში მაქვს. ასეა უარყოფითი ემოციებიც, ზოგი უნდა აილაგმოს, მაგრამ ისინი სრულიად არ უნდა მოვიცილოთ, ხანდახან, დაგვჭირდება, მაგალითად, სულის აღშფოთება. სული უნდა აღშფოთდეს, როცა დიდი უსამართლობა ხდება. თავისთავად, აღშფოთება ცუდია, ბავშვის, ოჯახის მიმართ, მაგრამ სიმართლის აღსადგენად უნდა აღშფოთდე, მხოლოდ ასე დაიცავ მას. დიახ, ამ შემთხვევაშიც საზიანოა უარყოფითი ემოცია, ჩვენთვის ერთი ადამიანისთვის, სამაგიეროდ სხვას დავეხმარებით. ასე რომ, არის მომენტები, როცა უბრალოდ უნდა გავაკეთილშობილოთ, სრულყოფილი გავხადოთ უარყოფითი ემოციები.

დადებითი და გაკეთილშობილებული უარყოფითი ემოციებიც უანგაროდ, უპირობით უნდა გავცეთ. მხოლოდ ასე სრულვყოფთ ჩვენს ბუნებას და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, „კაცად კაცი დაგვერქმევა“.

ამ ემოციებთან ბრძოლაში მარტო ვარ? გურამ დოჩანაშვილი ხომ წერს, ხომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა. შემიძლია, ასეთ დროს მეგობრების, ოჯახის წევრების, ახლობლების იმედი მქონდეს?

ორივე გზა უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, არის შემთხვევები, თუ ვინმე არ დამეხმარა, მარტოს ძალიან გამიჭირდება. თუ ჩემმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა იციან, რომ ასე ადვილად ვფეთქდები ხოლმე, ცოტა დამინდონ, ხელი შემიწყონ და არ გამაღიზიანონ, ისე არ მომექცნენ, რომ სულ [კალაპოტიდან] ამომაგდონ, ცოტა მაცადონ, რომ ჩემს თავში გავმაგრდე. მერე კი ყველაფერს მივიღებ მშვიდად, გონებით განვსჯი და გზას გამოვნახავ, რას როგორ მოევლოს. ამიტომ, უთუოდ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს დახმარება და გაგება ჩვენ უნდა ვითხოვოთ. გაგებული ადამიანები კეთილად მოგვექცევიან. ამრიგად, აღარ გვექნება წყარო აღშფოთებისა. ხანდახან, უთქმელადაც უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. თუ იცი, რომ [ოჯახის წევრს, მეგობარს] ასეთი ბუნება აქვს, არ გააღიზიანო, არ ატკინო, თუ შეგიძლია, პირიქით, დაამშვიდე, შთააგონე, აღაფრთოვანე, ესენიც ემოციებია და თან, ძალიან ძვირფასი. ეს მიგვმართავს სიყვარულის, კეთილი საქმეების, პატივისცემის, თავდადებისკენ.

მეორე მხრივ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ემოციები ცუდ წარმოდგენებს, ცუდ აზრებს გვიჩენენ, აგვაფორიაქებენ ხოლმე, უფრო მტრულად განგვაწყობენ ერთმანეთის მიმართ. თუ ეს ჩვენ გავიმრავლეთ, მაშინ ყველა დავზარალდებით.

არა და, თითქოს, ბედნიერებას დავეძებთ. სხვაგან სად დავეძებთ, როცა ის ჩვენშია?


შეიძლება, ადამიანები მართლაც დაგვეხმარონ უარყოფით ემოციებთან გამკლავებაში, მაგრამ არსებობს კიდევ გარემო ფაქტორები, რომლის შეცვლაც არავის შეუძლია. მოვლენები, ჩვენს გარშემო, რომლებიც ზოგჯერ, კი არ გვიმსუბუქებს, პირიქით, გვიმძაფრებს ან თავად გვიჩენს უარყოფით ემოციებს . . .

ფეხის წამოსაკრავი ქვა ბევრია, ჩვენ ხომ რიყეზე დავდივართ. სადაც არის სიკეთე, იქ არის ბოროტებაც, შურიც, მტრობაც. გამოდის, ყოველთვის გვაქვს მიზეზი, გაღიზიანებულები ვიყოთ – მაღაზიაში, ქუჩაში, სამსახურში, ახლა დაგვემატა პანდემიაც. ასეთია გარემო. გვაქვს იმედი, რომ დადგება დრო, როცა სრულიად გაიწმინდება ის? თუ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად გაღიზიანებულები და განაწყენებულები? იცით, ჩემი სახლიდან [თელავი] პირდაპირ მოჩანს კავკასიონის მთები. მე მათ დავარქვი სახელები : „სიკეთის მწვერვალი“, „სილამაზის მწვერვალი“, „მეგობრობის მწვერვალი,“ „ერთგულების მწვერვალი“. ეს სულის მწვერვალი და სიმაღლეა. გარშემო ისევ ბევრი რამ მოხდება, ბევრი რიყე შემხვდება, თუმცა ჩემი სულგრძელობა, ჩემი უპირობო სიყვარული არ მომცემს საშუალებას, გავუღიზიანდე, ვინც ფეხი დამიდო, ვინც არ დამინდო. არ ავყვები, ამას. შემეძლო ავყოლოდი, მაგრამ მე ხომ მწვერვალზე ავედი უკვე? იქიდან აღარ მინდა ჩამოსვლა.

ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა აირჩიოს თავისი სულის სიმაღლე და ვინც ამ სულის მწვერვალზე ავა, აღარ უნდა იფიქროს იქიდან ჩამოსვლაზე, თორემ ისე იქნება, როგორც დაცემული ანგელოზი.

აი, ასე უნდა შევხედოთ გარემოს – სადაც ჩვენი ძალა გაუმკლავდება, შევცვალოთ ის, უაზრობა აზრში გადავიტანოთ, უგვანობა გავაკეთილშობილოთ. მაგრამ თუ ჩემი ძალა არ კმარა ამისათვის, გამოჩნდება ამის გამკეთებელიც. როგორც „ახალ აღთქმაში“ წერია (ძალიან მიყვარს „ახალი აღთქმა“, მხოლოდ რწმენის გამო არა, ძალიან ბევრი სიბრძნეა მასში), კეთილ ადამიანს, კეთილი გულის საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს. თუ გულს გავიკეთილშობილებთ, მაშინ გარემო ვერ შეგვიშლის ხელს, რომ უარყოფით ემოციებს გავუმკლავდეთ, ვმართოთ ისინი და ყველა ვითარებაში ბედნიერები ვიყოთ.



როგორ შეიძლება საკუთარ თავზე ვიმუშაოთ, რომ ემოციების მართვა და მათთან გამკლავება მოვახერხოთ?

მაგალითად, მე დღეებით ვცხოვრობ და უკვე 33 066 [ინტერვიუ ჩაწერილია 17 სექტემბერს, 2021 წელს] დღე შემისრულდა. საერთოდ, დღეებით უნდა ვიცხოვროთ. ბუნებამ შექმნა ერთი საზომი და ეს არის დღე. საათები, კალენდარი, წელიწადის დროები ჩვენ მოვიგონეთ. უარყოფითი ემოციების სამართავად, შეგვიძლია ვწეროთ დღიური. თუ ეს არ გვინდა, ძილის წინ, რამდენიმე წუთი ვიფიქროთ, რა მოხდა დღეს ჩვენს ცხოვრებაში? ვიღაცას გავუნაწყენდით, ან გავანაწყენეთ? იქნებ, დილით დავურეკოთ, ან მივიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ. უარყოფითი ემოციებთან გასამკლავებლად სულ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. მაგალითად, დილით რომ ვდგები, დავფიქრდები, რა მაქვს გასაკეთებელი – სამუშაო, სხვა საქმეები. მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობები ხომ მექნება? მაშ, სად არ უნდა შემცდეს რამე, სად არ უნდა გამოვავლინო სისუსტე? ჩემს თავს დარიგებას მივცემ, გზას გავუკვალავ. თუ დღევანდელ ნაბიჯებს წინასწარ დავინახავ, ცოტათი დაზღვეული ვიქნები ამით. თუ ადამიანმა თავის თავზე არ იფიქრა [იმუშავა], დაიკარგება ცხოვრებაში. ყოველდღე უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ, სად მივდივართ, ვის ვხდებით, რა სამუშაოს ვასრულებთ, ვის ვხელმძღვანელობთ, ვინ გვხელმძღვანელობს.

როგორც ვიოლინოზე თითოეული სიმი უნდა დაიჭიმოს თანახმად წინა სიმებისა, ისე უნდა ავაწყოთ საკუთარი თავიც და სულიც. ჩვენი სული ვიოლინოა, აწყობა უნდა სიყვარულზე, კეთილ აზროვნებაზე, კეთილშობილებაზე.

თუ ჩვენი დილით დასახული გეგმები არ გამოგვივიდა, მეორე დღეს ვიფიქროთ მათ გამოსწორებაზე, რადგან მე ჩემი ალმასი ბრილიანტად უნდა ვაქციო. სხვაგვარად, რაც არ უნდა ეცადო, ილოცო, არაფერი მოგეცემა. რომ მოგეცეს, უნდა გასცე რაღაც. ღმერთი შენ გელოდება. „უფალო მიიღე ჩემი ბოროტება, აღარ მაქვს მე. მიიღე ჩემი შური, დავეხსენი მე მას, მიიღე ჩემი განაწყენება.“ ეს არის ნამდვილი ლოცვა, როცა ამას შეუსრულებ უფალს, ნიშნავს, რომ საუკეთესო ლოცვა მიგიძღვნია მისთვის. თუ სიყვარულიდან ამოიღებ საქმეს, ეს საქმე ყველასთვის კარგი იქნება. თუ სიძულვილიდან, ის საქმე ვიღაცას ყოველთვის ხელს შეუშლის.



რისი შეცვლა და კონტროლიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაშინ როგორ უნდა გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?

ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ყველას საკუთარი შეხედულება და ცხოვრების გზა გვაქვს და ასეც უნდა იყოს. თუ ადამიანი მორწმუნეა, ყველაფერს იღებს, როგორც ღმერთისაგან გამოგზავნილ პირობას. კარგი მოხდა თუ ცუდი, ეს იყო ღვთის ნება. ფიქრობს, თუ მისი ნება იყო, მაშასადამე მე ვიღებ ამ ნებას, როგორიც არის. დამჩაგრა თუ უკეთესი პირობები შემიქმნა, ორივეს მადლობით ვიღებ, რადგან არ შეიძლება მას მადლობა არ ვუთხრა. იმიტომ რომ, არ შეიძლება, ღმერთს არ უთხრა მადლობა. თუ ადამიანი არ არის მორწმუნე, ნელ-ნელა უნდა წვრთნას თავისი თავი, გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. ასეთ დროს, მე, ადამიანმა, ხვალინდელი დღე ახლა უნდა დავინახო.

როცა ემოციებში ვარ, ჩემი გაბრაზებით, წყენით, ჩხუბით მიზეზს დავბადებ, რომელსაც შედეგი მოჰყვება. აი, ის შედეგი უნდა დავინახო და რაღაცნაირად გავუმკლავდე ჩემს ახლანდელ წყენას, ბრაზს, სიძულვილს. იგივე დავუბრუნო? თუ მე არ ჩავყვები, მაშასადამე, მე ცოტა ავმაღლდი, დღეს წყენას პატარა ნაწილი ჩამოვაჭერი. აი, ასე ხვალ, ზეგ, თანდათანობით და აღმოჩნდება, რომ ჩემს ემოციებს ვუმკლავდები. მიზეზი შეიძლება, სულ შემოგვხვდეს, მაგრამ ზოგიერთს პასუხი არ უნდა გავცეთ, ზოგიერთს გავუღიმოთ. ზოგიერთ რამეზე კიდეც შევშფოთდეთ, მაგრამ იქამდე არ ჩავყვეთ, რომ დაგვაზარალოს, დაგვაბრმაოს და მოვლენების საღად განსჯის უნარი დავკარგოთ.



შეიძლება, ვიღაცამ ცუდი გაგვიკეთოს, მაგრამ უარყოფითი ემოციების გამოვლენის ნაცვლად, წინსვლის ბიძგი მოგვცეს?

რა თქმა უნდა და მეც მქონია ასეთი შემთხვევები. მაშინ, როდესაც ექსპერიმენტული სასწავლო პროგრამების გამო, [კომუნისტური] პარტიის ცენტრალურ კომიტეტში დამასმინეს, თანაც ისეთმა ადამიანმა მეგობრად რომ მივიჩნევდი, წყენა გულში კი არ ჩავიდე?! მას შემდეგ იმდენი რამ წავიკითხე, იმდენი რამ ვისწავლე, რომ განვვითარებულიყავი, მხოლოდ სასიკეთო აღმოჩნდა ჩემთვის. ან ერთმა პროფესორმა დიდ დარბაზში, სხდომაზე რომ მითხრა, შენ დაბადებულიც არ იყავი, მე უკვე პროფესორი ვიყავიო, ბოღმა გულში კი არ ჩავიდე, დავჯექი და 6 თვეში დავწერე დისერტაცია.

ვისაც შენ მტრად თვლი, თუ გონივრულად მიუდგები, ნახავ, სინამდვილეში, მან რაღაც კიბის საფეხური მოგცა და გითხრა, თუ შეგიძლია აცოცდი ამ საფეხურზე. კეთილშობილების საფეხურზე, სიყვარულის საფეხურზე, თავმდაბლობის, მოთმენის საფეხურზე.

აღმოსავლური ანდაზა ამბობს, არავინ შენი მტერი არ არის, არავინ შენი მეგობარი არ არის, ყველა შენი მასწავლებელია.

როგორც მდინარე უფრთხილდება თავის ნაპირებს, ისე უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი საკუთარ „ნაპირებს“. ასე ცხოვრება ნაკლებად დანაგვიანდება და ჩვენც სიმშვიდეს მოვიპოვებთ, სიმშვიდე კი შემოქმედებაა. გაღიზიანებაში შემოქმედება კვდება. ნერვებს აყოლილი კაცი, თავის თავსაც დააზიანებს და სხვასაც. ღმერთმა [ადამიანს] მოგცა აზრი, მოგცა გული. გულში ხომ სინდისი და სიყვარული უნდა ბუდობდეს?! მოგცა სიყვარულის ძალა. რაღას სთხოვ ღმერთს?! გონიერება და სიყვარულის ძალა გაქვს. მისი ყველა თვისება შენშია. ადამიანს აქვს ერთი ძალა – ნებისყოფა. აღმოსავლურ [სამყაროში] ნათქვამია, ღმერთია ჩემშიო. თვით ღმერთია ნებისყოფა. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ეს ნებისყოფა. რატომ გინდა, სხვას თავს დაესხა, განრისხდე, დაანგრიო?! გამოიყენე ნებისყოფა [მასთან ურთიერთობაში].

როდესაც ვამბობ, რომ უნდა ავლაგმოთ უარყოფითი ემოციები ჩვენი გულიდან, ეს ნებისყოფის გარეშე არ გამოვა. მოთმინება და ნებისყოფა ადამიანს ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ [მშობლებმა, პედაგოგებმა]. ეს უნდა ვასწავლოთ მოთმინებით და ნებისყოფით. ჩხუბით კი არა, პირადი მაგალითით: უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ როგორი მომთმენები ვართ და როგორი ნებისყოფა გვაქვს ჩვენ. სხვაგვარად, ვერც ნებისყოფას ასწავლი ადამიანს და ვერც – სიყვარულს.

Comments


bottom of page