თუკი ჩვენი შვილი 3 წლის ხდება, ჩვენ კი გვგონია, რომ უძინარმა ღამეებმა, კვების სირთულეებმა და სხვა მრავალმა დეტალმა უკვე ჩაიარა, ვცდებით - წინ 3 წლის ასაკის კრიზისი გველოდება!
3 წლის ასაკში ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა და არა დედის ნაწილი. მას უჩნდება საკუთარი სურვილები, რომლებიც, როგორც წესი, ეწინააღმდეგება მშობლების სურვილებს. ბავშვი იწყებს მშობელთან ჭიდილს, საკუთარი აზრის დამტკიცებას, რაც შესაძლოა ისტერიკის ფორმითაც კი გამოვლინდეს. ამ პერიოდში ბავშვისგან ყველაზე ხშირად მოვისმენთ შემდეგ ფრაზებს: "არა," "არ მინდა," "არ გავაკეთებ," "არ წამოვალ..." ის შესაძლოა შეგვეწინააღმდეგოს ისეთ რამეებშიც კი, რომელთა კეთებაც მას მანამდე უყვარდა. ბავშვი მიისწრაფვის სრული დამოუკიდებლობისაკენ, არ აძლევს მშობლებს უფლებას რაიმეში დაეხმარონ მას ან რაიმე გადაწყვიტონ მის მაგივრად. ხშირად ამ კრიზისს ბავშვი ავლენს აგრესიულობაში, ამტვრევს ნივთებს, ხევს წიგნებს, მშობლებს ეუბნება მტკივნეულ სიტყვებს. თუკი ოჯახში სხვა ბავშვიცაა, ის ცდილობს ყველა მათგანზე მოიპოვოს უპირატესობა, შესაძლოა გამოავლინოს ეჭვიანობა. 3 წლის ასაკის კრიზისი არის პროტესტი ყველაფრის მიმართ, რაც კი ბავშვის გარშემო ხდება.
რა შეიძლება მშობელმა გააკეთოს ამ პერიოდში იმისათვის, რომ ამ ეტაპმა ბავშვის ცხოვრებაში წარმატებით ჩაიაროს? კარგი იქნება თუკი წაახალისებთ ბავშვის დამოუკიდებლობის ყოველ მცდელობას და დაააცდით თავისით შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებშიც მას თქვენი დახმარება არ სჭირდება. არასოდეს დაამციროთ მისი პიროვნება, თუკი მან რაიმე მიუღებელი ქცევა განახორციელა. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე ყველა სიტუაციაში. ყვირილი და გაბრაზება გამოიწვევს მისი საქციელის მხოლოდ გაუარესებას. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ის უკვე დიდია. მიეცით მას არჩევანის საშუალება: რომელ ტანსაცმელს ჩაიცვამს დღეს, რას მიირთმევს საუზმეზე, სად წახვალთ სასეირნოდ და ა.შ.
და რაც ყველაზე მთავარია ყველა სიტუაციაში, გიყვარდეთ ის და აგრძნობინეთ მას ეს ყოველ წამს! ასეთი მიდგომით თქვენ დაეხმარებით ბავშვს წარმატებით გადალახოს პირველი გარდატეხის ასაკი და გამოიმუშავოს ისეთი თვისებები, როგორიცაა მოთმინების უნარი, დამოუკიდებლობა და მიზანსწრაფულობა!
Comments