top of page

4 შეკითხვა შვილს

თანამედროვე ცხოვრებაში მშობლების უმრავლესობა ძალიან დაკავებულები არიან. დაგვეთანხმებით, რომ ამის ფონზე საკმაოდ ძნელდება შვილებთან ღრმა და ახლო ურთიერთობების შენარჩუნება, რადგანაც დრო ძალიან ცოტაა.


მიუხედავად დროის სიმცირისა, ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის გამოვნახოთ საშუალება, თუ როგორ შევინარჩუნოთ შვილებთან მეგობრული ურთიერთობა. ამისათვის საკმარისია სულ რაღაც 4 შეკითხვა, რომელიც თითქოს ღიას ტოვებს კარს შემდგომი საუბრებისთვის. ეს შეკითხვები გამოგვადგება არამარტო დაკავებულ, არამედ ყველა მშობელს ყოველდღიურ ცხოვრებაში შვილებთან საურთიერთოდ.


აი ეს კითხვებიც:

•როგორ ჩაიარა დღემ?

•მეგობრები რას შვრებიან, როგორ არიან?

•ყველაზე კარგი რა მოხდა დღეს?

•დახმარება ხომ არ გჭირდება რაიმეში?


შეკითხვები ძალიან მარტივია და ხშირად მათზე ფორმალური და მოკლე პასუხებიც კი შეიძლება მივიღოთ: „ყველაფერი ნორმალურადაა,“ „ისე რა,“ და ა.შ. მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა შვილები უცებ რაღაც საინტერესოს მოგვიყვებიან, შეგვეკითხებიან რაიმეს, რჩევას გვთხოვენ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან.


შეკითხვები არ უნდა მივაყაროთ შვილებს ისე, თითქოს დაკითხვაზე იყვნენ ისინი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია აქტიური მოსმენა (იხ. ბლოგ პოსტი ამ თემაზე ჩვენს გვერდზე) და ნუ მივცემთ რჩევას მაშინ, როცა მას არ გვთხოვენ.


მოკლე პასუხებზე, როგორიცაა „ყველაფერი კარგადაა,“ შეგვიძლია მოვუყვეთ როგორ ჩაიარა ჩვენმა დღემ, რა მოხდა ჩვენთან კარგი. თუკი ჩვენი შვილისთვის დღე არც ისე კარგი იყო, ფრთხილად მივუდგეთ ამ საკითხსაც, ნუ ვეცდებით მივაყაროთ ბევრი შეკითხვა, შევთავაზოთ ხომ არ შეგვიძლია რაიმეთი დახმარება ან უბრალოდ ჩუმად ჩავეხუტოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მასთან ვართ და ჩვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ყოველივე ეს, როგორც მისთვის.


ნდობის ველი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენი შვილი აუცილებლად გაგვიზიარებს მისთვის მნიშვნელოვან, რთულ და პრობლემურ ამბებს. ის დარწმუნებული იქნება, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ. ვემეგობროთ შვილებს, მათთან ურთიერთობის ერთადერთი გზა - სწორედ მეგობრობაა.





bottom of page