top of page

თამაშის წესები

ყველა ბავშვის პირველი და უმთავრესი საქმიანობაა თამაში. ჩვენი შვილები თამაშით იზრდებიან, ვითარდებიან, სწავლობენ სამყაროს… თამაშს უდიდესი როლი აქვს მათ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, ამონაშვილის აკადემიაში გადავწყვიტეთ, რომ შემოგთავაზოთ სხვადასხვა თამაშები, რომლებიც თქვენს შვილებთან ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ. ახალ-ახალ თამაშებს ნელ-ნელა მოგაწვდით, თუმცა მანამდე, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩვენს შვილებთან თამაშს, თავისი წესები აქვს:


1. ჩვენი შვილები იზრდებიან ჩვენი სურათ-ხატებით, ანუ მაგალითებით. თუ როგორ მაგალითებს მივცემთ ჩვენ, როგორც მშობლები თამაშის დროს, ისეთ ქცევებს შეითვისებენ ისინი. აქედან გამომდინარეობს წესი პირველი - ვიყოთ სამაგალითო მოთამაშეები ჩვენთითონ! ვიყოთ დამთმობი, მოსიყვარულე, ამავდროულად აზარტული, მხიარული…


2. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ბავშვებს უყვართ წესები, განსაკუთრებით თამაშის დროს. კარგი იქნება, თუ თამაშის წესებს მათთან ერთად მოიფიქრებთ და წინასწარ შეუთანხმებთ ერთმანეთს. დაგვერწმუნეთ, თუ ბავშვმა თამაშის წინ თითონ მიიღო მონაწილეობა თამაშის წესების შემუშავებაში, ის გახდება ამ წესების პირველი დამცველი.


3. დღევანდელი საზოგადოება ძალიან დიდ როლს აკისრებს გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებაში ცუდი არაფერია, თამაშის დროს უფრო მნიშვნელოვანი თვისებების ჩამოყალიბება ჯობია, მაგალითად როგორიც არის დათმობა, გუნდურობა, მხარდაჭერა… ყველაფერს ჯობია ვითამაშოთ ისეთი თამაშები, სადაც ერთმანეთს კი არ ვეჯიბრებით, არამედ ვცდილობთ მოვუგოთ თამაშს (ასეთი ბევრი სამაგიდო თამაში არსებობს).


4. თამაშის დროს ბავშვმა უნდა ისწავლოს დამარცხებაც და ამის ყველაზე კარგი გზა, ჩვენი მაგალითია. დაგვინახოს ჩვენმა შვილმა, როგორი დიდსულოვნებით წავაგებთ ჩვენ, სიხარულით მივულოცავთ გამარჯვებულს, ჩამოვართმევთ ხელს… ასეთი თამაშების შემდეგ, ბავშვს აღარასდროს ექნება წაგების შიში, ან თანატოლებთან თამაშის დროს ჩხუბი.


5. და ბოლოს, აუცილებელია, რომ ყველა მოთამაშე, მშობლის ჩათვლით, თამაშისგან იღებდეს დიდ სიამოვნებას. შეარჩიეთ ისეთი თამაშები, რომ თქვენც გაერთოთ. მოიგონეთ ახალი თამაშები თქვენს შვილებთან ერთად. ჩართეთ თქვენი და თქვენი შვილის ფანტაზიის უნარი. თამაშს ხომ საზღვარი არ აქვს. თამაშით შეგიძლიათ კოსმოსში იმოგზაუროთ, გაიცნოთ ინდიელები, ახვიდეთ ევერესტზე, იჯირითოთ ცხენზე, ან სულაც იფრინოთ. თამაშში ყველაფერი შესაძლებელია!



bottom of page