top of page

აღზრდა დაბადებამდე იწყება?

„არავინ დაამციროს აღზრდის მნიშვნელობა, არავინ დაამციროს აღზრდის ძალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი დედის მუცელშია და გაჩენას ელოდება; როცა ჩვილია და საფენებს უცვლიან; როცა ფეხს იდგამს და უკან დასდევენ; როცა სამეტყველოდ ემზადება და ესაუბრებიან; როცა სასეირნოდ გაჰყავთ და აცმევენ; როცა გვეკითხება და უნდა ვუპასუხოთ; როცა შემოგვცქერის და ჩვენ ვმოქმედებთ... არ არსებობს ადრეული ასაკის არცერთი წამი, როცა ბავშვი არ იზრდება ფიზიკურად, ზნეობრივად; როცა მის სულში არ ითესება განწყობის რაიმე თესლი - კარგი თუ ცუდი.“


ბავშვს ესმის, გრძნობს და ხედავს ყველაფერს დედის მეშვეობით მუცელშივე. ის აღიქვამს მის მოძრაობებს და გრძნობებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გონება ჯერ არაა საკმარისად განვითარებული. მოიღუშება თუ არა დედის სახე, მოიღუშება მისი სახეც. ინერვიულებს თუ არა დედა, ინერვიულებს ისიც. როდესაც დედა წმინდა სიხარულს, სიმშვიდეს, სიყვარულს განიცდის, მაშინ ეს საიდუმლოდ გადაეცემა ჩვილსაც მუცელში. ასეთი პასუხისმგებლობა და პატივი ერგო ყველა დედას!


უფრო მეტიც, ბავშვის აღზრდა მის ჩასახვამდე იწყება! თუმცა ბევრი მშობელი აღზრდას მოუმზადებლად იწყებს. არ აქვს გაცნობიერებული და გააზრებული აღზრდის არსი, თავისი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობები. ასე რომ მოემზადეთ მშობლობისთვის ჯერ კიდევ მაშინ, როცა შვილის გაჩენას დააპირებთ. „მშობელთა მზაობა აღზრდისთვის წინ უნდა უსწრებდეს ბავშვის ზრდას და ეხმარებოდეს მას, რომ ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე ამაღლდეს.“

ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავს, როგორი აზრები და განცდები გვიჩნდება ადამიანებისა და მოვლენების მიმართ? ჩვენს ხასიათს სრულყოფა სჭირდება. ვიფიქროთ, რა მაგალითს მიიღებს ჩვენი შვილი ჩვენგან? უკვე ორსულობისას კი ვესაუბროთ შვილს ბევრი, როგორ გვიყვარს და გვეყვარება ის, როგორ მოვუვლით და ვიზრუნებთ მასზე. მოვუყვეთ ჩვენზე, ოჯახის დანარჩენ წევრებზე, ჩვენს საქმეებზე. დავუწეროთ წერილები, რომლებსაც როცა გაიზრდება თავად წაიკითხავს. წავუკითხოთ ლექსები, ვუმღეროთ სიმღერები, ვუამბოთ ზღაპრები. თავად ჩვენ კი ხშირად მივაკითხოთ ბუნებას. ვიკითხოთ წიგნები, რომლებიც ჩვენს სიმშვიდესა და სულიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.


რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ - ჩვენ ორნი ვართ! ჩვენი შვილის აღზრდა კი არცერთი წამით არ ჩერდება! ამიტომაც იფიქრეთ და იმოქმედეთ მასთან ერთად!



bottom of page