top of page

როგორ აღვზარდოთ ბავშვი ზღაპრის დახმარებით?

ბავშვებს ხშირად ექმნებათ სხვადასხვა სახის სირთულეები. რა თქმა უნდა, ზრდასრულისთვის ნათელი ხდება ის, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. თუმცა ჩვენთვის მათი მოგვარება ადვილია, რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვებს კი არა. ამასთან, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს ახსნილს ხშირად ბავშვები ვერ იგებენ და, მით უმეტეს, ჩვენს ჭკვიანურ სიტყვებს საერთოდ არ იღებენ მხედველობაში.


აი ზღაპარი სულ სხვა საქმეა! იქ სულ სხვა ვინმეზეა ამბავი, თუმცა მასაც ზუსტად ჩვენი შვილის მსგავსი სირთულეები ექმნება. რაც მთავარია, ზღაპრის პერსონაჟი ამ სირთულეებს უმკლავდება, შესაბამისად ჩვენი შვილიც იჯერებს, რომ მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს, არც ის დაიხევს უკან და საკუთარი თავის რწმენაც გაუძლიერდება!


ჩვენი დავალებაა ვთქვათ იგივე, რისი თქმაც გვსურდა ბავშვისთვის, ოღონდ ბავშვურ ენაზე ზღაპრებით. ამ მეთოდით შესაძლოა მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა - სიზარმაცე, ბაღში წასვლის სურვილის არ ქონა, აგრესია, ტყუილი, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, შიშები და ა.შ. ზღაპარი ბავშვს ეხმარება გაიგოს, რომ მხოლოდ მას არ აქვს ასეთი პრობლემა. გარდა ამისა, მოსმენისას ის ნამდვილად განიცდის თითოეულ მოვლენას ზღაპრის გმირებთან ერთად. ზღაპრების გამოყენება ამ კუთხით შესაძლებელია დავიწყოთ 2 წლის ასაკიდან.


ზღაპარში აუცილებლად თანმიმდევრულად უნდა ვითარდებოდეს მოვლენები: ჯერ კარგად გავაცნოთ პერსონაჟი ჩვენს შვილს. ის შეიძლება იყოს რომელიმე ცხოველი, სათამაშო ან ადამიანი. ამის შემდეგ ზღაპრის გმირი უნდა შეეჯახოს რაიმე პრობლემას, რომელიც ჩვენი შვილისთვისაა აქტუალური. ზღაპარში უნდა იყოს გადმოცემული ამ სირთულის დაძლევის გზები, რა შეუძლია ჩვენს გმირს რომ გააკეთოს. და ბოლოს, ზღაპრის გმირი აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს პრობლემას! უკეთესია, თუ ზღაპარი არ იქნება ძალიან ჩახლართული.


ზღაპრის მოყოლა და ჩვენს შვილთან ერთად მისი განხილვა ძალიან კარგია ძილის წინ, დაბალ შუქზე, გულწრფელობითა და სიყვარულით სავსე გარემოში. ეს მეთოდი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს შვილებთან და ბევრად გაგვიადვილებს ყოველდღიური სირთულეების ერთად დაძლევაში.



bottom of page