top of page

საიდან ჩნდებიან ბავშვის შიშები?

შიში - დაცვითი ემოციაა, რომელიც ყველა ადამიანში დაბადებიდან არსებობს.

შიში ყოველთვის ჩნდება საფრთხის შემცველი სტიმულის საპასუხოდ, იქნება ის რეალური, თუ წარმოსახვითი. მაგალითად, თუ დავინახავთ მგელს შუა ტყეში, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი და პირველი რეაქცია იქნება შიში.


ყველა ასაკში თავს იჩენს ბუნებრივი ასაკობრივი შიშები (იხილეთ ასაკობრივი შიშები პოსტის ფოტოებში), როგორც ზრდის პროცესის ნაწილი. ასეთი შიშები ქრებიან ასაკთან ერთად ისე, რომ არ ვნებენ ბავშვს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი ყოვნდება - ბავშვი იზრდება, შიში კი არ ქრება. ხშირად, ასეთი შემთხვევები დაკავშირებულია ბავშვის აღმზდელების რეაქციებსა და დამოკიდებულებებთან.

მაგალითად: თუკი ბავშვს ხშირად აშინებენ: "კარგად თუ არ მოიქცევი - პოლიციელს დავუძახებთ და წაგიყვანს", "ბევრს თუ უყურებ მულტფილმებს - დაბრმავდები" და ა.შ., ასეთი დაშინებები ბავშვს ართმევს დაცულობის განცდას, როგორი უწყინარიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს ნათქვამები.


ასევე ბავშვზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მშობლების შინაგანი თუ გამოვლენილი მღელვარება და შიშები, განსაკუთრებით დედის. ბავშვს ჯანსაღი განვითარებისათვის განსაკუთრებით სჭირდება თავდაჯერებული და მშვიდი ზრუნვის ატმოსფერო. მღელვარე და მშფოთვარე მშობლებს ამ განცდის მიცემა ბავშვისათვის არ შეუძლიათ.

კონფლიქტები, კამათი, ჩხუბი და მათი მსგავსი ატმოსფერო ოჯახში იწვევს ბავშვის შიშების მატებას, შფოთვისა და თავდაჯერებულობის კლებასთან ერთად.


მშობლების უკიდურესი პრინციპულობა, უამრავი აკრძალვა, აღზრდის მეთოდების ცვალებადობა (დღეს არ შეიძლება, ხვალ შეიძლება), ან სრული მიშვებულობა და თავისუფლება ერთნაირად ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის უსაფრთხოების განცდაზე, რასაც ასევე მივყავართ შიშებამდე.


ამიტომაა საჭირო შევუქმნათ ბავშვს მაქსიმალურად მშვიდი, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ატმოსფერო ოჯახში.



bottom of page